გურგენიძის ფაქტორი?!

“სახალხო ბანკის” კაპიტალი 25 მილიონით გაიზარდა

კაპიტალის გაზრდა ბანკს ფინანსურად გააძლიერებს “
“სახალხო ბანკის” აქციების ნაწილი გაიყიდა. საფონდო ბირჟის ინფორმაციით, ბირჟის გარეთ ვაჭრობის წესით ბანკის აქციები თითქმის 24 მილიონ ლარად გაიყიდა. ჯერჯერობით ახალი აქციონერების  ვინაობა საფონდო ბირჟისთვის უცნობია.
ამასთან, „სახალხო ბანკის“ საიტზე გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, რომელიც 8 თებერვლით არის დათარიღებული, ირკვევა, რომ „სახალხო ბანკმა“ ახალი აქციები გამოუშვა, რომელთა საფუძველზე მთლიანობაში ბანკის კაპიტალი 25 მილიონით გაიზრდება. აქციების მფლობელები კი „ლიბერთი კაპიტალი“, მის ჯგუფში შემავალი კომპანიები და სხვადასხვა ინვესტორები არიან. მათ შორის ბანკის  39 თანამშრომელი.
ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარის და გენერალური დირექტორის ლადო გურგენიძის განცხადებით, კაპიტალის გაზრდა ბანკს ფინანსური მაჩვენებლების გაძლიერებაში დაეხმარება. გურგენიძის თქმით, ახალი აქციონერების შეძენა ბანკს მომგებიანობისა და საბაზრო წილის გაზრდას შეუწყობს ხელს.
შეგახსენებთ, ”სახალხო ბანკის” 91,218 პროცენტი 2009 წლის სექტემბერში ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ლადო გურგენიძემ და რუმინელმა მილიარდერმა დინუ პატრიჩიუმ 15 მილიონ დოლარად შეიძინეს.
ეკონომიკის ექსპერტის ემზარ ჯგერენაიას ინფორმაციით, „სახალხო ბანკმა“ დამატებითი აქციების ემისია მოახდინა და სწორედ ამის ხარჯზე მოხერხდა ბანკის კაპიტალის ზრდა. ექსპერტის თქმით, ეს იყო სვლა ბანკის გაძლიერებისა და ლიკვიდობის გაზრდისთვის. მისი მტკიცებით, ლადო გურგენიძის წილის დათმობაზე საუბარი არ არის.

დატოვე კომენტარი