ბანკები თავისუფლებას ითხოვენ?!

ფავორიტ ბანკებს მკაცრი რეგულირების ეშინიათ
საქართველოს მთავრობამ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარედ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი წარმომადგენელი რობერტ კრისტიანსენი დანიშნა.
ახლადშექმნილმა საბჭომ სააგენტოს მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებები უნდა განსაზღვროს, სააგენტოს საქმიანობის კონტროლი განახორციელოს და ზედამხედველობასთან დაკავშირებული დავების განხილვა უზრუნველყოს. საბჭოს უფლებამოსილებებში შედის, ასევე, სააგენტოს ბიუჯეტის დამტკიცება.

ზედამხედველობის საბჭოს შემადგენლობაში შედიან ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დავით ამაღლობელი და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ეკატერინე შარაშიძე, ხოლო სააგენტოს აღმასრულებელი ხელმძღვანელი გიორგი ქადაგიძეა.
ახალი კანონმდებლობით, საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო პასუხისმგებელია კომერციული ბანკებისა და ფინანსური სექტორის სხვა მონაწილეებისთვის ლიცენზიების გაცემაზე. ლიცენზიის მიღების შემდეგ ყველა კომპანია ექვედებარება საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მონიტორინგს. მონიტორინგის პროცესში ფინანსური კომპანიები ვალდებული არიან, დაიცვან სააგენტოს მიერ დაწესებული წესები და მოთხოვნები.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ძაღლის თავი სწორედ ამ მონიტორინგშია დამალული.

“სისტემაში მოქმედ ფავორიტ ბანკებს უნდა შეეძლოთ, რაც უნდათ, ის გააკეთონ. მკაცრი რეგულირება იმ 12 რეგულარით, რომლითაც ბანკები ყოველ კვირა ანგარიშს აბარებდნენ ეროვნულ ბანკს და თუ რომელიმე ინდიკატორი “წითელს აგინთებდა“, ანგარიშები ჩერდებოდა, ეროვნული ბანკი კი მაშინვე გაძლევდა გაფრთხილებას, დღეს აღარ სჭირდებათ.

დღეს ფავორიტ ბანკებს ეს რეგულირება რომ დაუწესო, საკუთარი ბანკები თავზე დაექცევათ, რადგან ისინი მსგავს კრიტერიუმებს ვეღარ აკმაყოფილებენ“, _ აცხადებს ეკონომიკური ექსპერტი ნიკო ორველაშვილი.

ეროვნული ბანკის სრული ცვლილება გურგენიძის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაასრულა მთავრობამ. მანამადე ეროვნულ ბანკს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი კახა ბენდუქიძე “უტევდა“, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ჩარევით ყველაფერი დალაგდა, მაგრამ დროებით, საქართველოს მთავრობის მეთაურად ვლადიმედ გურგენიძის მოსვლამდე.

კითხვები ფინანსური პაკეტის პარლამენტში შეტანისთანავე გაჩნდა, თუმცა მმართველ გუნდს “აზრადაც არ მოსვლია“, ეკითხა, რატომ მოინდომა საბანკო სფეროდან მოსულმა მთავრობის მეთაურმა პირველ რიგში ამ სექტორის გარდაქმნა, მაშინ, როცა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, საქართველოს საბანკო სექტორი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სფეროდ ითვლებოდა.

რეფორმის შემდეგ, საბანკო ზედამხედველობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ეროვნულ ბანკთან ერთიანი ზედამხედველობის სამსახური შეიქმნა. თავიდანვე განისაზღვრა, რომ ამ სამსახურსაც ცალკე საბჭო ეყოლებოდა. მაშინვე ჩაიდო კანონში, რომ საბჭოს წევრები შეიძლება უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც ყოფილიყვნენ და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც იქნებოდა.

მოკლედ, კანონი ზედმიწევნით სრულდება და სადავოც არაფერია, თუმცა საკმაოდ უცნაურია, რატომ დასჭირდა გურგრენიძე-ბენდუქიძის ტანდემს სპეციალურად რობერტ კრისტიანსენისთვის კანონში ჩანაწერის გაკეთება.

ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ კრისტიანსენი ამერიკელების გულის მოსაგებად დანიშნეს და სინამდვილეში ის შეიძლება არც არაფერს აკონტროლებდეს. თუმცა ფაქტი, რომ ქვეყნის საფინანსო სისტემას უცხოელი აკონტროლებს, არც ისე სასიამოვნოა.

რაც შეეხება, თავად კრისტიანსენს, მან თავი საქართველოს მთავრობის კრიტიკით დაგვამახსოვრა, როდესაც განაცხადა, რომ ინფლაციის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი გაზრდილი სამთავრობო ხარჯები იყო. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მაშინ კრისტიანსენს სიმართლე ბოლომდე არ უთქვამს.

“საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა
კვლევის ფონდის“ ხელმძღვანელი ლადო პაპავა თავის დროზე ასეთ განცხადებას აკეთებდა:

_ რას შეიძლება ემსახურებოდეს ნახევრად სიმართლე იმის შესახებ, თუ რა არის მაღალი ინფლაციის მიზეზები? ბატონი კრისტიანსენი საქართველოში მაღალი ინფლაციის ორ ძირითად მიზეზს ასახელებს; კერძოდ, ესენია: ფულის მიწოდების სწრაფი ზრდა და მხოლოდ ნაწილობრივ, სამთავრობო ხარჯები. წერილის ამ ნაწილს აშკარა ქვეტექსტად გასდევს, რომ ინფლაციის ზრდის განმაპირობებელი, უწინარეს ყოვლისა, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკაა და არა იმდენად საბიუჯეტო ხარჯები. სხვა სიტყვებით, ინფლაციური პროცესების გაღრმავებაში მთავარ `დამნაშავედ~ ბატონი კრისტიანსენის წერილიდან საქართველოს ეროვნული ბანკი იკვეთება. ფორმალურად, ეს ასეც არის, რადგანაც კანონიც `საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ~ ინფლაციის დონეზე პასუხისმგებელ ორგანოდ სწორედ ეროვნულ ბანკს განსაზღვრავს.

ნახევარსიმართლე მაღალი ინფლაციის მიზეზების შესახებ, ხომ არ ემსახურება ეროვნულ ბანკზე მთავრობიდან მორიგი შეტევის პროვოცირებას, რომელსაც წელს უკვე ჰქონდა ამის მცდელობა (ეროვნული ბანკის ინსტუციონალური დასუსტების მიმართულებით), რაც ქვეყნისთვის წარუმატებელად დამთავრდა…

არ გამოვრიცხავ, ბატონ კრისტიანსენს ამ პრობლემაზე შეიძლება სულაც არ უფიქრია, მაგრამ უკვე არაერთი წელია, რაც ის საქართველოში ცხოვრობს და მას ასეთი ფაქტორების გათვალისწინება აშკარად მოეთხოვება. თუკი წერილის ავტორი შეგნებულად შემოიფარგლა მთავრობის კრიტიკის შედარებით შერბილიბული ფორმით, ეს სულაც არ უნდა იწვევდეს გაკვირვებას, რადგან არც ისე დიდი დროა გასული მას შემდეგ, რაც ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელის მოთხოვნით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოში მისი მისიის ხელმძღვანელი მხოლოდ იმიტომ გაიწვია, რომ ამ უკანასკნელის მიერ ხშირად ობიექტურად დაფიქსირებული პოზიცია მთავრობის ზოგიერთ წევრს არ მოსწონდა. ასე რომ, ის, რაც ფონდის მისიის ხელმძღვანელს შეემთხვა, მით უფრო, არ არის გამორიცხული, ქვეყანაში ფონდის მუდმივი წარმომადგენელის მიმართაც განმეორდეს“…

რა იგეგმება ქართულ საბანკო სექტორში და რისთვის დასჭირდა საქართველოს ხელისუფლებას კრისტიანსენი, ძნელი სათქმელია. ფაქტია, რომ რაც უნდა მოხდეს, აშშ საკუთარი წარმომადგენლის კრიტიკას მოერიდება. თავის მართლებას კი ჩვენი მთავრობაც შეძლებს. ომი და ფინანსური კრიზისი ისეთი წყალგაუვალი არგუმენტებია, რომ შედავება საკმაოდ ძნელი იქნება.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: